Sunday, October 20, 2013

“გურიას” გოლის წყურ-ვილი



სათაურში ვილი იმიტომ გამოვყავით, რომ ერთადერთი გოლი ვილი ისიანმა გაიტანა და “გურიას”, რომელსაც აქამდე 4 გასვლით მატჩში ქულაც არ ჰქონდა აღებული, გამარჯვება მოუტანა. ლანჩხუთელებმა აუტსაიდერ ცხინვალის “სპარტაკს” აჯობეს და დამსახურებულად იმარჯვეს.

არადა, მე-11 წუთზე “სპარტაკს” ცოტა დააკლდა გოლამდე, კერძოდ, ვახტანგ ფანცხავამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ძელმა იხსნა სტუმრები. პირველ ნახევარში დაახლოებით თანაბარი თამაში მიმიდინარეობდა, ეგაა, სტუმრები უფრო დიდი ძალებით გადადიოდნენ შეტევაში. ქარი მოქმედებდა, ფეხბურთელებს ხელს უშლიდა და შესაძლოა, ამიტომაც იყო, რომ მომენტები ხშირად ვერ იქმნებოდა. 42-ე წუთზე გადარჩა “სპარტაკი” – მეკარე სოსლან ნანიევმა და მცველმა დავით მეგრელიშვილმა იყოჩაღეს. ხშირი იყო ჯარიმები და ამან სანახაობრივი მხარე დაუკარგა თამაშს.

მეორე ნახევარში გამოიკვეთა ლანჩხუთელთა უპირატესობა და ისიანს ნანიევმა აუღო ხოლო 61-ე წუთზე გოლიც გავიდა: ვლადიმერ ჯოჯუამ კობა შალამბერიძეს გააყოლა ბურთი, რომელმაც მცველთან ჭიდილში დარტყმა მოახერხა, ნანიევმა მოიგერია და დამატებაზე ისიანმა იმარჯვა, ფეხით გადაგზავნა კარში – 0:1.

შალამბერიძე-ისიანის დუეტი შეტევაში აქტიური იყო. 68-ე წუთზე კობამ ოდნავ ააცილა შორიდან, ხოლო “სპარტაკს” ერთი ნახევარმომენტი ჰქონდა, ისიც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, როცა თამაზ მაქაცარიამ დაარტყა და მინდია ბობღიაშვილმა აიღო.

ცალკე უნდა ითქვას “გურიას” ქომაგებზე, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს გუნდს. ნამატჩევს ლანჩხუთელთა უკრაინელმა მწვრთნელმა რომან პოკორამ აღნიშნა, რომ რთულ მატჩს ელოდა კიდეც და ყურადღება სტუმრად პირველ გამარჯვებაზე გაამახვილა. “გურია” მეოთხე ადგილზეა, ხოლო “სპარტაკი” აუტსაიდერად რჩება.

No comments: