Saturday, October 26, 2013

საჩხერის "ჩიხურამ" ჯავრი ლანჩხუთის "გურიაზე" იყარა


26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის X ტურის ხუთი მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ", რომელიც წინა ტურში თბილისში "დინამოსთან" შერცხვა (1:6), ამჯერად ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ლანჩხუთის "გურია" მიიღო და დიდი ანგარიშით მოუგო - 5:1.

საჩხერელები წინ 22-ე წუთზე ვაჟა ლომაშვილმა გაიყვანა, ბესიკ დეკანოიძემ (37) კი სხვაობა ორბურთიანი გახადა.

69-ე წუთზე გურულებმა სხვაობის შემცირება თენგიზ ჩიკვილაძის გოლით კი მოახერხეს, თუმცა ეს იყო და ეს - ამის შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს. 75-ე წუთზე დუბლი დეკანოიძემ მიითვალა, 82-ეზე კი ჯერ გიორგი გაბედავამ შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი ჯამბულ ჯიღაურმა დააფიქსირა (85).

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა გორის "დილამ" მცხეთაში, სადაც "ვიტ ჯორჯიას" ანგარიშით 2:0 სძლია. სტუმრები გრიგოლ დოლიძემ უკვე მე-10 წუთზე დააწინაურა, ირაკლი მოდებაძემ კი 58-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ასევე სტუმრად, ამავე ანგარიშით მოიგო "ზესტაფონმა", რომელმაც სამტრედიაში მასპინძლის რანგში მყოფ მარტვილის "მერანს" ვახტანგ ჭანტურიშვილისა და საბა ლომიას მიერ, ორწუთიან მონაკვეთში, ერთიმეორის მიყოლებით გატანილი გოლებით (75 და 77 წუთებზე) მოუგო.

სტუმრად გამარჯვება მიითვალა რუსთავის "მეტალურგმაც" - 1:0. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში რუსთაველებმა ბოლნისის "სიონი" ლევან კორღალიძის მიერ 53-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს.

განმუხურში "ზუგდიდმა ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო. მასპინძლებს ქულა ლუკა გუგუჩიამ 74-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით გადაურჩინა. ანგარიში კი 40-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა გახსნა.

ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" მასპინძლობს, მოგვიანებით დასრულდება.

No comments: